აჭარის მთავრობამ სხდომაზე 8 საკითხი განიხილა, მათ შორის, ხელვაჩაურის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბინების დაკანონების საკითხიც.
საცხოვრებელი ბინები სახელმწიფოს რამდენიმე კვირის წინ გადაეცა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ამ პრობლემაზე ზრუნვა წლებია მიმდინარეობს. ერთი თვის ვადაში კი მოსახლეობისათვის ბინების სიმბოლურ ფასად - 1 ან 2 ლარად მიყიდვა იგეგმება. პირდაპირი მიყიდვით მოსახლეობას სულ 135 ბინა გადაეცემა.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მერიის საბინაო ფონდის გაზრდისათვის ხელშეწყობის პროექტიც განიხილეს. სახელმწიფო მშენებლებს ბანკებთან გარანტად დაუდგება.
2010 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 12 მილიონი ლარით იზრდება - დღეს ამ საკითხზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა. თანხები სოფლის მუერნეობის განვითარებას, მოძრავი საკონცერტო სცენის შეძენას და ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება. ამ თანხებს ემატება გასულ წელს საშემოსავლო ნაწილში დარჩენილი გაუხარჯავი 3 მილიონი ლარი.
როგორი იქნება მომდევნო სამი წელი - მთავრობის სტრატეგიული გეგმა უკვე დამტკიცებულია. გეგმის შედგენაში ყველა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული, თითოეულმა უწყებამ პრიორიტეტების სქემა წარმოადგინა.
როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ სამინისტროების უფრო ეფექტურად მუშაობა, ამას სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ითვალიწინებს. ასევე გათვალისწინებულია თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება. სამინისტროებმა პრიორიტეტები საჯარო განხილვის შემდეგ შეიმუშავეს.