Feedback Sitemap Home

 

 

 
ძიება
Visitor(s): 100909
Today: 41
 

 

 Untitled Document
კანონი მთავრობის შესახებ  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, მისი საქმიანობის წესსა და მთავრობის ურთიერთობას საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა სახელმწიფო ორგანოებთან.

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში - მთავრობა) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც წარმართავს და ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას.
2. მთავრობა შედის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.
3. მთავრობა შედგება მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან.

მუხლი 2.
1. მთავრობა თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამოქმედო პროგრამით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამთავრობო პროგრამის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს. სამოქმედო პროგრამას ნდობას უცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
3. მთავრობა უფლებამოსილია გადაწყვიტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებული ყველა ის საკითხი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად არ შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაში.

მუხლი 3.
1. მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით.
2. დაუშვებელია მთავრობის შემადგენლობაში ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა რაიმე სტრუქტურის/ორგანოს შექმნა ან არსებობა.

მუხლი 4.
მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

თავი II. მთავრობის ფორმირების წესი

მუხლი 5.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს იგივე ან სხვა კანდიდატურა.
3. თუ უმაღლესმა საბჭომ ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ვალდებულია წარმოადგინოს არგუმენტირებული დასაბუთება საქართველოს პრეზიდენტის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 6.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში იგი საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების (დაწესებულებების) ხელმძღვანელთან (ხელმძღვანელებთან) შეთანხმების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
2. თუ უმაღლესმა საბჭომ არ დაამტკიცა მთავრობის შემადგენლობა, მთავ-რობის თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მთავრობის იმავე ან ახალ შემადგენლობას.
3. ამოღებულია (აჭარის არ საკანონმდებლო მაცნე, №15, 2004 წლის სექტემბერი).

მუხლი 7.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცალკეული წევრის უფლე-ბამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამის ახალ წევრს ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების (დაწესებულებების) ხელმძღვანელთან (ხელმძღვანელებთან) შეთანხმებით.
2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა ნახევარზე მეტით განახლდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ამ მუხლით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

თავი III. მთავრობის კომპეტენცია

მუხლი 8.
მთავრობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში:
ა) კოორდინაციასა და კონტროლს უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებასა და სტრუქტურას;
გ) ამტკიცებს ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნილი მთავრობის სათათბირო ორგანოების დებულებებს;
დ) უფლებამოსილია ერთი თვის ვადით შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მერიის) და გამგებლის (მერის) სამართლებრივი აქტები;
ე) ამტკიცებს მთავრობის აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს;
ვ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების სამართლებრივი აქტები;
ზ) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგენს კანონპროექტებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში;
თ) შეიმუშავებს მთავრობის სამოქმედო პროგრამას, რომელსაც ნდობას უცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო;
ი) შეიმუშავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური საკითხების კომიტეტთან ძირითადი პარამეტრების შეთანხმების შემდეგ;
კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს მის შესრულებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს კვარტალში ერთხელ წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ლ) ხელს უწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტუნარიანი და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
მ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვას;
ნ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ო) შეიმუშავებს შესაბამის სპეციალურ პროგრამებს უმუშევრობის შემცირების მიზნით და უზრუნველყოფს მის განხორციელებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში;
პ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, აგრეთვე კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების მართვას, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლების, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების მოვლა-პატრონობას;
ჟ) მონაწილეობას ღებულობს ეკონომიკური, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხების გადაწყვეტაში;
რ) უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-პატრონობისა და სხვა კომუნიკაციების განვითარების ხელშეწყობას;
ს) ხელს უწყობს ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობასა და ურბანულ განვითარებას;
ტ) ქმნის სათანადო პირობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურიზმისა და სპორტის განვითარებისათვის;
უ) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მართვას, სურსათისა და სხვა საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
ფ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდაზე კონტროლს;
ქ) უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალური გამოყენების, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;
ღ) ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საჭირო საარქივო სამსახურის მართვას;
ყ) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 9.
1. მთავრობის სამართლებრივი აქტებია დადგენილება და განკარგულება.
2.მთავრობის დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ხოლო განკარგულება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელთა მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება "ნორმატიული აქტების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით;
3. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე;
4. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

მუხლი 10.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებისას;
ე) "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაყენებისას;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა ახორციელებს უფლებამოსილებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია.

თავი IV. მთავრობის ხელმძღვანელობა

მუხლი 11.
1. მთავრობას ხელმძღვანელობს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მთავრობის თავმჯდომარე:
ა) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას;
ბ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრავს მთავრობის მუშაობის ძირითად მიმართულებებს;
გ) კონტროლს უწევს მინისტრების საქმიანობას;
დ) პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობაზე საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე;
ე) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს;
ვ) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობას;
ზ) საქართველოს შესაბამის სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას;
თ) უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები;
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;
კ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამდებობის პირებს;
ლ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები;
მ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში;
ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტს;
ო) ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას, ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
ჟ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე;
რ) განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
ს) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 12.
მთავრობის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, აგრეთვე ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე საქმიანობიდან, გარდა სამეც-ნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.

მუხლი 13.
მთავრობის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) მთავრობის გადადგომისას;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრებისთანავე;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მთავრობისათვის სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდობლობის გამოცხადებისას;
ე) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენებისას;
ვ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ზ) თუ სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
თ) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას;
ი) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
კ) გარდაცვალებისას.

მუხლი 14.
1. მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე არის მთავრობის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც მთავრობის თავმ-ჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება ეკისრება მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია გადააყენოს მთავ-რობის წევრი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან.
2. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს, აგრეთვე ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მთავრობის თავმჯდომარის არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას.
3. მე-13 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა "ბ", "გ", "დ" და "ე" ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას - მისივე დავალებით მთავრობის ერთ-ერთი წევრი.
4. მე-13 მუხლის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს გადამდგარი ან უფლებამოსილე-ბაშეწყვეტილი მთავრობის თავმჯდომარე ახალი მთავრობის დამტკიცებამდე.
5. მე-13 მუხლის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
6. მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის გადადგომა ან გადაყენება არ იწვევს მისი, როგორც მთავრობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.

მუხლი 15.
მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისას მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს:
ა) თანამდებობიდან გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;
ბ) განკარგოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საკანონმდებლო ინი-ციატივის წესით წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონისა და კანონის პროექტები;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ბიუჯეტის შესახებ;

თავი V. მთავრობის საქმიანობის ორგანიზება

მუხლი 16.
1. მთავრობა თავის საქმიანობას წარმართავს მთავრობის სხდომების მეშვეობით.
2. მთავრობის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.
3. მთავრობის სხდომას იწვევს, ხელმძღვანელობს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე ან მისი დავალებით მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.
4. მთავრობის სხდომაში მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები მონაწილეობენ პირადად. თუ მთავრობის სხდომაზე მინისტრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს მთავრობის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია სხვა პირების მოწვევაც.
5. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით სხდომა შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ.
6. მთავრობის მუშაობის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვისა და სხდომაზე საკითხის განხილვის წესი განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტით, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
7. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. მთავრობის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება მთავრობის დადგენილებით ან განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე.

მუხლი 17.
1. მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვაგვარი საქმიანობის უზრუნველყოფის, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლის მიზნით იქმნება მთავრობის აპარატი.
2. მთავრობის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მთავრობის თავმჯდომარე.
3. მთავრობის აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
4. მთავრობის აპარატის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
გ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის სტრუქტუ-რული ერთეულების მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აპარატის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს მთავრობის სხდომებში, ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარის აქტების დანართებს, აგრეთვე აპარატის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
ვ) სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის აპარატის სახელით;
ზ) ასრულებს მთავრობის აპარატის დებულებითა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 18.
მთავრობის აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის ორგანიზება და საშტატო განრიგი ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით.

თავი VI. მთავრობის სათათბირო ორგანოები

მუხლი 19.
1. მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები.
2. სათათბირო ორგანოების ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობა.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს შესაბამისად მთავრობის თავმჯდომარეს, მთავრობას, მთავრობის წევრს.
5. სახელმწიფო მოხელე ან სხვა პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

თავი VII. სამინისტრო

მუხლი 20.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო) იქმნება ამ კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტო-რიაზე მმართველობის უზრუნველსაყოფად.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებია:
ა) ფინანსთა და ეკონომიკის;
ბ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;
გ) განათლების, კულტურისა და სპორტის;
დ) სოფლის მეურნეობის.

მუხლი 21.
1. სამინისტრო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სამინისტროს აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
3. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. სამინისტრო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
5. სამინისტრო ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

მუხლი 22.
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საკითხები განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.
2. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
3. საკითხი, რომელიც კანონის შესაბამისად შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, მაგრამ არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, მასზე გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

მუხლი 23.
1. სამინისტროს დებულებას შესაბამისი მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2. სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს:
ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობას;
დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას;
ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ.

მუხლი 24.
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომლის კანდიდატურას საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმ-დინარეობას;
დ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს;
ვ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;
ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
თ) ასრულებს მისთვის საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებე-ბითა და განკარგულებებით, მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით და სამინისტროს დებულებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. მინისტრს უფლება აქვს თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული სა-კითხების შესწავლისა და მომზადების მიზნით შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები.
4. სათათბირო ორგანოების ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს ამ ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
5. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
6. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
7. სახელმწიფო მოხელე ან სხვა პირი, რომელიც სახელმწიფო მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
8. მინისტრი პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით

მუხლი 25.
1. მინისტრი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.
2. მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელთა მომზადების, გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება "ნორმატიული აქტების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
3. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.
4. მინისტრის ნორმატიული ხასიათის ბრძანება სავალდებულოა შესასრულებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. თუ საკითხი ერთდროულად შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროში, მათი შეთანხმებით შესაძლებელია ერთობლივი ბრძანების გამოცემა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ღებულობს მთავრობა.

მუხლი 26.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, აგრეთვე ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე საქმიანობიდან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.

მუხლი 27.
1. მინისტრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) გადადგომისას;
ბ) მთავრობის თავმჯდომარის მიერ თანამდებობიდან მისი გადაყენებისას;
გ) მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტისას;
დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ე) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ვ) კანონით შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას;
ზ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;
თ) გარდაცვალებისას.

მუხლი 28.
1. მინისტრს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეს შესაბამისი მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. მინისტრის მოადგილე კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცალკეული დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) საქმიანობას, ახორციელებს და კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და სხვადასხვა დავალებების შერულებას.
3. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნისას ან მინისტრის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, აგრეთვე მინის-ტრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ასრულებს მინისტრის მოვალეობას.
4. მინისტრის გადადგომა ან სხვა საფუძველზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. ამოღებულია (აჭარის არ საკანონმდებლო მაცნე, №15, 2004 წლის სექტემბერი).

მუხლი 281.
1. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს მთავრობა.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ სამინისტროს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
3. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დებულებასა და სტრუქტურას ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით სამინისტროს დებულებისათვის განსაზღვრული მოთხოვნები ტერიტორიული ორგანოს თავისებურებათა გათვალისწინებით.
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი (აჭარის არ საკანონმდებლო მაცნე, №15, 2004 წლის სექტემბერი).


თავი VIII. საქვეუწყებო დაწესებულებები

მუხლი 29.
1. საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკის მთავრობის ან სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.
2. საქვეუწყებო დაწესებულებებია:
ა) მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება;
ბ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება.

მუხლი 30.
1. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა სფეროებში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორციელებლად.
2. საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ან მთავრობის დადგენილებით.
3. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს მთავრობა შესაბამისი მინისტრის წარდგინებით. საქვეუწყებო დაწესებულების დებულებაზე ვრცელდება ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით სამინისტროს დებულებისათვის განსაზღვრული მოთხოვნები.
4. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს - მთავრობის თავმჯდომარე შესაბამისი მინისტრის წარდგინებით.
5. საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან.

მუხლი 31.
1. საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს შექმნის, გარდაქმნისა და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
2. საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს ამ დაწესებულებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
3. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს დებულებასა და სტრუქტურას ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი (აჭარის არ საკანონმდებლო მაცნე, №15, 2004 წლის სექტემბერი).
4. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს მთავრობის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი, ხოლო სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის წარდგინებით - შესაბამისი მინისტრი (აჭარის არ საკანონმდებლო მაცნე, №15, 2004 წლის სექტემბერი).

თავი IX. სამსახურებრივი ზედამხედველობა

მუხლი 32.
1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის კანონიერების უზრუნველყოფა.
2. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია:
ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;
ბ) შეაჩეროს აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება;
გ) ცნოს აქტი ძალადაკარგულად;
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.
4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით;
5. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაქვემდებარებული დაწესებულებებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. დაქვემდებარებული დაწესებულება ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

მუხლი 33.
1. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
2. მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.

მუხლი 34.
1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტო-რიული ორგანოების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.
2. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს მის პირველ მოადგილეს.
3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ანდა ახალი მოქმედების შესრულების შესახებ.

მუხლი 35.
1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება მთავრობის სამოქმედო პროგრამას, კანონის მოთხოვნებს ან იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხით ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
2. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს დასაბუთებული.

მუხლი 36.
1. სამართლებრივი დავა სამინისტროებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის სხვა წესი.
2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.
3. სამართლებრივ დავას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ დაწესებულე-ბებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 37.
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს "მინისტრთა საბჭოს შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 1998 წლის 17 მარტის ორგანული კანონი;
2. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ლიკვიდირებულად ჩაითვალოს "მინისტრთა საბჭოს შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 18 მაისის ორგანული კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სამთავრობო დაწესებულებები;
3. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებმა უზრუნველყონ ამ კანონთან მის ძალაში შესვლამდე მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანა.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უმაღლეს საბჭოს წარმოუდგინოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები.


მუხლი 38.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე


2004 წლის 29 ივლისი
№017/16 რს


ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილება
Copyright © 2004-2009 - All rights reserved.