აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ „გოდერძიზე“

28 დეკემბერი, 2018

კურორტ „გოდერძიზე“ აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები გააჟღერა.

აჭარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 40 ოჯახს საცხოვრებელი ბინები უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადაეცემა. გონიოს ხიდის მშენებლობისა და ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტი განხორციელდება.

თორნიკე რიჟვაძემ სხდომის წევრებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს, რის შემდეგაც მომზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და მშენებლობა დაიწყება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მყარი ნარჩენების მართვის პროექტის დამატებითი დაფინანსების თაობაზე კონსულტაციები დაიწყო. პროექტის ფარგლებში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელის დახურვა და ბათუმსა და ქობულეთში შესაბამისი ტექნიკის შეძენა განხორციელდება.

მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთის გაძლიერება მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. 2019 წელს აქცენტი მუნიციპალური პროექტების დაფინანსებაზე გაკეთდება. მომდევნო წელს მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი ჯამში 1,5 მლნ ლარით იზრდება. გარდა მუნიციპალიტეტებზე გათვალისწინებული კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერებისა, რომელიც ჯამში 60,0 მილიონ ლარს შეადგენს, სხვადასხვა პროექტი დამატებით დაახლოებით 8 მილიონი ლარით დაფინანსდება, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

2019 წელს მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში გზების კეთილმოწყობისთვის  დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება. დასრულდება  გოდერძის უღელტეხილიდან - მწვანე ტბამდე გზის რეაბილიტაცია. დაგეგმილია, ასევე, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

დაიწყება მუშაობა ბეშუმის განაშენიანებაზე, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ახალი ტურისტული ადგილების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მთავრობის სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობის მიზნით, რამდენიმე კომპანიისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების საკითხი წარადგინა.

დღვანდელ სხდომაზე საუბარი ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასაც შეეხო. 25 დეკემბრის მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია (სომხეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, ლატვია, უზბეკეთი, რუსეთი) 25 000 ტონამდე  სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 8000 ტონაზე მეტია. დღეისათვის სხვადასხვა საწარმოებს  8 000  ტონამდე არასტანდარტული მანდარინი აქვთ მიღებული და გადამუშავებული.


მთავრობის სხდომაზე ასევე საქვეუწყებო დაწესებულებების სამინისტროებისთვის დაქვემდებარების საკითხი განიხილეს.

კალენდარი

<<
<იანვარი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
0131123456
0278910111213
0314151617181920
0421222324252627
0528293031123
0645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები