ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა

04 იანვარი, 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. გემის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალი დღეს ბათუმის ნავსადგურში გაიმართა. 

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერს, რომლის უშუალო ინიციატივით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა. მისი თქმით, დღეიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს საზღვაო პრაქტიკის გავლა უკვე ბათუმში შეეძლებათ, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. 

,,2018 წელი პოზიტიური მოვლენით დაიწყო. საზღვაო აკადემიას უსასყიდლოდ გადაეცა საწვრთნელი გემი, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგია, რომ ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ადგილზე გაიარონ პრაქტიკა და ამისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ დასჭირდებათ. ეს არის ერთობლივი, კომპლექსური მიდგომა, სწორი განვითარება, ვინაიდან საზღვაო დარგი ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მეზღვაურთა კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში ძალიან დიდია. ჩვენი სტუდენტებისთვის სრულფასოვანი დიპლომი მომავალში მათი დიდი წარმატების გარანტი იქნება“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას. 
 
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. საწვრთნელი გემის გადაცემის ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, გემზე აღიმართა საქართველოს დროშა, რის შემდეგაც სტუმრებმა გემი „კადეტი“ დაათვალიერეს. მცურავი საშუალება აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაივლიან. სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი. ბათუმის საზღვაო აკადემიის 90 წლიანი ისტორიის მანძილზე სასწავლო-საწვრთნელი გემი არ გააჩნდა. შესაბამისად, აღნიშნული გემის გადაცემა აკადემიის ხელმძღვანელი პირების მიერ ისტორიულ ფაქტად შეფასდა. 

,,დღეს ბათუმის საზღვაო აკადემიას სასწავლო-საწვრთნელი გემი გადაეცა. 90 წლის ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიას ასეთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დაემატა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული რეფორმა გატარდა ამ მიმართულებით, თუმცა სტუდენტების ღირსეული დასაქმებისთვის ეს იყო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდებოდა. გემი იყო გამზადებული გასაყიდად, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სახელმწიფოში დარჩენილიყო, მომსახურებოდა სახელმწიფოს და ჩვენი სტუდენტებისთვის სამომავლო დასაქმების შესაძლებლობა მიეცა"-განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48262728293012
493456789
5010111213141516
5117181920212223
5224252627282930
0131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები