2018 წელს, აჭარაში ტურიზმის განვითარების სტრატეგია შეიქმნება

12 სექტემბერი, 2017

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი რეგიონის რეკლამირების, სერვისის გაუმჯობესებისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით შესაძლოა 2 416 700 (+32%) ლარით გაიზარდოს. 2018 წლის პროგრამულ ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად ჯამში 9 858 300 ლარის დახარჯვა იგეგმება. მიმდინარე წელს,  დეპარტამენტის ბიუჯეტი 7 441 800 ლარს შეადგენს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მეორე საჯარო განხილვა დეპარტამენტში დღეს გაიმართა.

2018 წლისთვის, დეპარტამენტის ბიუჯეტის 69% რეგიონის საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე რეკლამირებისთვის დაიხარჯება. სარეკლამო  ბიუჯეტის გაზრდა შემდეგი წლისთვის 1 655 000 ლარით (+32%) იგეგმება. ჯამში აჭარის 17 ქვეყანაში პოპულარიზაციისთვის 6 820 000 ლარი დაიხარჯება, მათ შორის ქვეყნის შიგნით რეკლამირებისთვის 500 000 ლარი გამოიყოფა.

2018 წლისთვის, აჭარის სამიზნე ქვეყნებს შორის ირანი დიდი ბრიტანეთით ჩანაცვლდება და რეგიონის რეკლამირება შემდეგ ქვეყნებში განხორციელდება: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, უკრაინა, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი და საქართველო.  სარეკლამო კამპანიებისას ძირითადი აქცენტი ონლაინ რეკლამის გაძლიერებასა და რეიტიგნულ მედიასაშუალებებში სატელევიზიო რეკლამაზე გაკეთდება.

შემდეგ წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით 200 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ამ მიმართულებით ისევ გაგრძელდება პროექტები „ტურიზმის განვითარების სკოლა“, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და საუკეთესი სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების დაჯილდოება „მაგნოლია 2018“.  აღნიშნული პროექტები აჭარაში ტურისტულ სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას, სერვისის გაუმჯობესებას, წახალისებასა და ზოგადად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 2018 წელს, ასევე დადგინდება რეგიონში სერვისი დონე იდუმალი სტუმრის პროექტით. შემდეგი წლისთვის სიახლე იქნება სასწავლო ვიდეო რგოლების შექმნა კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის.

2018 წლისთვის იგეგმება აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარების 2018-2025 წლების სტრატეგიის სამოქმედო დოკუმენტის შექმნა, რომლისთვისაც დეპარტამენტი 280 000 ლარს დახარჯავს.

რეგიონში მყოფი ტურისტების საჭიროებების კვლევის მიზნით, შემდეგ წელს ისევ დაიწყება უცხოელი ვიზიტორების კვლევა.  აჭარაში ნამყოფი უცხოელი ტურისტების გამოკითხვის შედეგად დადგინდება  მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონე. 2018 წელს ასევე გაგრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც არარეგისტრირებული სექტორისა და შიდა ტურისტების საჭიროებების კვლევას ითვალისწინებს. სულ, აღნიშნული კვლევებისთვის ბიუჯეტიდან 180 500 ლარის გამოყოფა იგეგმება.


რეგიონში, განსაკუთრებით კი არასაზღვაო ზოლში ტურისტული პროდუქტების შექმნა-განვითარების მიზნით დაიხარჯება 492 500 ლარი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მთიანი აჭარის პოპულარიზაცია-განვითარებას ისევ გააგრძელებს. 2018 წლისთვის ისევ ჩატარდება ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლის ტურიზმის ფესტივალები.  

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები