ზურაბ პატარაძემ სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა

14 ივლისი, 2017

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ფინანსთა მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სანაპირო ზოლის აღდგენა-გამაგრების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროექტის დროული დასრულების აუცილებლობაზე. 

,,ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ ზურაბ ალავიძესთან ერთად  ვიმყოფებით სარფში, სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოები დავათვალიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი მალე დასრულდეს. ადგილზე უკეთ ჩანს რა არის გასაკეთებელი, თუ რამდენად სწრაფად და ოპერატიულად ხორციელდება ეს პროექტი. ის მითითებები, რომლებიც დღეს მიიღეს მშენებლებმა, ხელს შეუწყობს პროექტის დროულ დასრულებას. იქნება გარკვეული ცვლილებები, რაც განავითარებს ამ მიმართულებას. მით უმეტეს, აქტიურ ტურისტულ სეზონზე, როცა სარფს უამრავი ტურისტი სტუმრობს, აუცილებელია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

ამ ეტაპზე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის, სენაკი-ფოთი-სარფის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 58 მილიონ ლარზე მეტია. აქედან 33 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უკვე შესრულებულია.

სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს. დასრულდა ქვის ცვენისგან დაცვის სამუშაოებიც. კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა და ჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია. უკვე დასრულდა ორი 110 მეტრიანი სიგრძის საფეხურიანი კედელი. მიმდინარეობს ხელოვნური პლაჟის მოწყობის სამუშაოები.

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის (კვარიათი-სარფი) მშენებლობა ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებას, მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობას.

სარფი-კვარიათის ნაპირსამაგრი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ზურაბ პატარაძე დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტს ეწვია და საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობას გაეცნო.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები