სამინისტრომ 2024 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა დაიწყო
05 მაისი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2024 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა დაიწყო
სამინისტრომ მომდევნო წლის პროგრამების პროექტები და სიახლეები, დღეს სამედიცინო დაწესებულებების, სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.
გეგმის თანახმად, 2024 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით - 5 მილიონამდე ლარით გაიზრდება და 38 160 000 ლარს შეადგენს. ჯამში, სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, 33 პროგრამას განახორციელებს.
"მოსახლეობის, სამედიცინო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დავგეგმეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. დაახლოებით 16 მილიონი ლარი გამოიყოფა ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად, 14 მილიონი ლარით დაფინანსდება სოციალური მიმართულების პროგრამები.
დაგეგმილია, სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა დაავადების მკურნალობისთვის გათვალისწინებული ძვირადღირებული მედიკამენტების ღირებულების სრულად დაფარვა. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსების ზრდა და ასევე, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სხვა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლის დანერგვა" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
სიახლე შეეხება აგრეთვე გადაუდებელი ქირურგიის დაფინანსების წესს. სამინისტრო პაციენტებს, რომლებიც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ გადაუდებელ ქირურგიულ სამედიცინო მომსახურებას, DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში, თანაგადახდა დაუფინანსდებათ სრულად.
სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილია როგორც ბენეფიციართა რაოდენობის, ასევე პროგრამების ბიუჯეტის ზრდა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, იგეგმება ინოვაციური დამხმარე ტექნოლოგიების, ასევე საკორექციო საშუალებების - ორთეზების დაფინანსება.
გაორმაგდება 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება. ცვლილება შედის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაშიც.
იხილეთ გალერეა