საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2024 წლის პრიორიტეტები
10 მაისი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2024 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრნენ.
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ, ცენტრის მომდევნო წლის პროგრამების პროექტები და დაგეგმილი სიახლეები, სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
გეგმის თანახმად, 2024 წელს ცენტრის პროგრამული ბიუჯეტი 2 475 780 ლარს შეადგენს. განხორციელდება 10 პროგრამა და ჯამში, ბენეფიციართა საპროგნოზო რაოდენობა 50 000 იქნება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სპორტული აქტივობის უსაფრთხოებისა და არაკეთილსაიმედო გამოსავლების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრი გეგმავს ახალი პროგრამის დანერგვას - ,,სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“. პროგრამის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მისაღებ და ჩართულ მოზარდს, ჩაუტარდება ჩაღრმავებული კარდიოლოგიური კვლევა. მომსახურება გაეწევა 7-13 წლის, დაახლოებით, 1 200 ბავშვს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო სამი ახალი პროგრამის განხორციელება:
☑ სისხლში ტყვიის მაღალი ექსპოზიციის მქონე ბენეფიციართა საცხოვრებელი გარემოს შესწავლა. იკვლევენ იმ ბენეფიციართა ოჯახების საცხოვრებელი გარემოს, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 10 მკგ/დლ-ზე. ასევე ტარდება შესწავლის შედეგად შერჩეული სხვადასხვა მასალის ნიმუშის კვლევა.
☑ ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი - პროგრამის ფარგლებში, თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევების დროული აღმოჩენისა და განვითარების დარღვევების შეუქცევადი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, 0-1 თვის ახალშობილებში მიმდინარეობს სკრინინგული კვლევა 35-ზე მეტ დაავადებაზე. სკრინინგის დადებითი პასუხის შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად უზრუნველყოფილია კონფირმაციული კვლევის ჩატარება.
☑ მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის - გულისხმობს სასწავლო/საინფორმაციო კურსს ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვისა და ჯანმრთელი ახალშობილის დაბადების მიზნით. კურსი მოიცავს 6 ინტერაქტიულ გაკვეთილს, სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით (მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი, ფიზიკური თერაპევტი).
სამივე ღონისძიება ამ ეტაპისთვის წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ გალერეა