როგორ გადაურჩა სიკვდილს კლდიაშვილი

17 ნოემბერი, 2020

დავით კლდიაშვილზე ვწერ სტატიას- არქივის საცავებში პატარა  დოკუმენტს წავაწყდი დავით კლდიაშვილს რომ ეხება, თუმცა თუ დოკუმენტი კლდიაშვილს ეხება ეგ პატარა ვეღარ იქნება უკვე ბუნებრივია, და, მოკლედ, მისი ბიოგრაფიიდან, ავტობიოგრაფიული წიგნიდან, ერთი ეპიზოდი წამომიტივტივდა, სტატიაში ამ ეპიზოდს არ ვეხები და არც არგასახსენებლად მემეტება: პირველი მსოფლიო ომია. ნაავადმყოფარი კლდიაშვილი კვლავ გამოიძახეს სამხედროში და სენაკში „დრუჟინა“ ჩააბარეს, მალე კი პირონიტის კომენდატადაც გაამწესეს. ჰოდა რიზეშია წასასვლელი. შეუჩნდება მღვდელი ხუნდაძე ბათუმში, „აგერ საფრანგეთში რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალისთვის აგებული მშვენიერი გემი „პორტუგალი“, ბათუმიდან გადის ხვალ და წავიდეთ ერთად და ლამაზად, გემრიელად ჩავალთო“. „არაო, აუხირია დავითს, ვერ გადავდებ ხვალისთვისო“. სამხედროში იყო კაცი, ვერ დაელოდებოდა ფუფუნებას; „ცხენით მირჩევნია შენი ჭირიმე, ჩავჩაქჩაქდები ასე ჩემთვის, პლატონ სამანიშვილივითაო“. ბუნებრივია სამანიშვილივითაო არ ეტყოდა, არც ჩავჩაქჩაქდებიო, აშკარად კარგი ცხენი ეყოლებოდა ოფიცერ კაცს პლატონის ნათხოვარი ბედაურისგან განსხვავებით, შეიძლება არც გაიფიქრებდა, უბრალოდ მე წამომიტივტივდა. ჰოდა წაჩაქჩაქდა. ის კიდევ, გასრიალადა ზღვაზე, გედივით გასცურაო შეიძლება ასეც ითქვას ასეთ დროს, მაგრამ ეგ არაა მნიშვნელოვანი, მთავარი ისაა რომ წყალქვეშ კიდევ ზვიგენივით მონავარდე გერმანულმა წყალქვეშა ნავმა გაუწუილა

ტორპედო ამ ლამაზად მიმცურავ „პორტუგალს“.  გემბანზე მდგარნი კიდევ ხალისით უყურებენ თურმე მოაჯირიდან მათკენ გამოსწრაფულ ტორპედოს ფრთას, დელფინი თუ ჰგონიათ.  რაღა მეტი გავაგრძელო და ააფეთქეს ეს „გემრიელი“ ფრანგული გემი გერმანელებმა 1916 წლის 17 მარტს და იკადრა ამ ჩვენმა მღვდელმა და ჩასჭიდა რუსის „სალდატის“ ჩექმას ხელი, „ორივე დავიღუპებით ბატიუშკაო“ უყვირა იმან;  სიმართლე კი იყო მაგრამ არც რუსთთ და არც რუსთა ქვეყანას,  „სხვებიც არ ჩავძიროო“ ამაზე დარდით როდი შეუშვია ვინმესთვის ხელი,- თან წაუყოლიებია უამრავი და ამოუქვეშეთებია ურიცხვი და თვითონ კი ამოუყვინთავს კიდევ მაინც და ამ ჩვენმა მღვდელმაც უკვე მაშინაც იცოდა ეს თუ განჭვრიტა შეიძლება და უკუჰყივლა: „ამხანაგურად მაინც დავიღუპებითო“. და გადარჩნენ ორივენი, მოუსწრო მაშველმა კატარღამ... კლდიაშვილმა კი, „მე უთუოდ დავიღუპებოდიო“, ასე ასკვნის და  შეიძლება შეეკამათო მკითხველი, „მღვდელი თუ გადარჩა შენ რად დაიღუპებოდიო?“,  საეჭვოდ მოგეჩვენოს შეიძლება, მწერლის ახირებად, მაგრამ მერე რომ დაფიქრდები,- ამ იმერელმა კაცმა  შეიძლებაცდა არც იცოდა ცურვა, ის კიდევ ღირსებიანი სამხედრო იყო, არ ჩააფრინდებოდა არასოდეს სხვის ჩექმას გადასარჩენად.... აშკარად გადარჩა, ბედისწერა იყო რა თქმა უნდა, როგორც დავითიანი გადაგვირჩინა იმ მადლიანმა მოცურავემ და არ გაატანა ჩვენი კულტურის მარგალიტი, ვახტანგ  VI ის მიერ ჯერ შექმნილი და მერე ისევ განიავებული კულტურის უდიდესი ნაწილის მსგავსად რუსის წყალს, ისევე ბედმა გადაარჩინა დავითი ქართული კულტურის  საოცარი  ნიმუშები რომ შეექმნა... განა ყოველთვის გვიგანა ბედმა?

თუმცაღა აქაც გვიგანა ბედმა საკმაოდ, რადგან ამ ხომალდზე  მედდად მუშაობდა ქართველი თავადის ასული მშვენიერი ანეტა ანდრონიკაშვილი რომელიც დაიღუპა კიდევაც და ვინ იცის კიდევ რამდენი ქართველი რომელთა ვინაობაც არ ვიცით?

...არა შენი ჭირიმე, ვერ გადავდებ ხვალისთვის, ცხენით წავალ მირჩევნიაო.

 

ფრიდონ ქარდავა, საარქივო სამმართველოს უფროსი სპეციალისტი

 

სურათები აღებულია ვიკიპედიიდან : https://en.wikipedia.org/wiki/SS_Portugal_(1886)

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
442627282930311
452345678
469101112131415
4716171819202122
4823242526272829
4930123456

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები