აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ა(ა)იპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა

12 თებერვალი, 2019

ა(ა)იპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა 
მისამართი: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N11
ტელ:(0422) 27 66 83, 555 18 61 16

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური საბალეტო სკოლის მოკლე ისტორია

ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლა 1996 წელს ხელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბდა, როგორც საბალეტო სტუდია. 2000 წელს სტუდია გადაკეთდა სკოლა-სასწავლებლად, მოგვიანებით კი -  ა(ა)იპ ვ. ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლად.
ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლა არის საბალეტო ხელოვნების სასწავლო დაწესებულება, რომელიც ამზადებს „ბალეტის მსახიობებს“. სკოლის მიზანია მოსწავლეებს მისცეს
კლასიკური საბალეტო განათლება და აღზარდოს ქორეოგრაფიული ხელოვნების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. 
კლასიკური ბალეტის სკოლაში ისწავლება შემდეგი დისციპლინები:
•პროფილური საგნები: კლასიკური ცეკვა, სახასიათო ცეკვა, ქართული ცეკვა, თანამედროვე ბალეტი, მსხაიობის ოსტატობა, გრიმის ხელოვნება
•ზოგადპროფილური საგნები: ეთიკა-ესთეთიკა,  ფორტეპიანო, თეატრის ისტორია, ბალეტის ისტორია, ხელოვნების ისტორია, რითმიკა, მუსიკალური ლიტერატურა.
დღეისათვის კლასიკური ბალეტის სკოლაში სულ რვა კლასია და ერთი მოსამზადებელი ჯგუფი. საბალეტო ხელოვნებას ეუფლება 97 მოსწავლე. რვაწლიანი განათლების შემდეგ მოსწავლეები იღებენ „ბალეტის მსახიობის“ კვალიფიკაციას. სკოლაში პროფილურ საგნებს ასწავლიან თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის  კლასიკური ბალეტის სასწავლებლის კურსდამთავრებულები: საქართველოს დამსახურებული პედაგოგი ანი ფირცხალაიშვილი, ეკატერინე ღლონტი, ელეონორა არჩაია და ბათუმის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებული ნატალია მარტიროსიანი. პედაგოგების პროფესიული დონის ამაღლებაზე ზრუნავს თბილისიდან მოწვეული კონსულტანტი ლია ომიაძე-ბახტაძე. ასევე, პედაგოგების პროფესიული გადამზადების მიზნით სკოლაში ხორციელდება მასტერკლასები პროფილურ საგნებში, რომლებსაც ატარებენ თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებლის პედაგოგები.
მრავალფეროვანია სკოლის რეპერტუარი: 
1. ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტი“ - მეორე მოქმედება, „სიზმარი“
2. ანტონიო ადანის „ჟიზელი“ - „ვილისების სცენა“
3. ფრედერიკ შოპენის ბალეტი ერთ მოქმედებად - “შოპენიანა“
4. სცენა ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან - „პახიტა
5. მინკუსი „ბაიადერა“ „აჩრდილების სცენა“
მრავალფეროვანია სკოლის დივერტისმენტი, სადაც წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ასევე - ნეოკლასიკური, სახასიათო და თანამედროვე საბალეტო ნომრები.ყოველი წლის ბოლოს, ტრადიციულად, საბალეტო სკოლა ბათუმელი მაყურებლის წინაშე წარდგება საანგარიშო კონცერტით. პირველ განყოფილებაში წარმოდგენილია კლასიკური საბალეტო სპექტაკლებიდან აღებული სცენები, ხოლო მეორე განგოფილება დივერტისმენტი გახლავთ. 
ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლა საგასტროლოდ იმყოფებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში:  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ახალციხეში - მესხეთის დრამატულ თეატრში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში, ხულოს სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ქობულეთის კულტურის ცენტრში.
ბათუმის ვ. ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის უფროსკლასელები წარმატებით მონაწილეობენ თბილისის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალში. 2015 წელს, აღნიშნულ კონკურსში, მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ბათუმის საბალეტო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე სესილი დავითაძე.  ფესტივალის 400 მონაწილეთა შორის იგი დაჯილდოვდა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში  - „ტანც-ოლიმპი“ მონაწილეობის შესაძლებლობით. ფესტივალის მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება საქართველოს პედაგოგ-ქორეოგრაფთა ასოციაციის მიერ. 2016 წელს კი ბათუმის ვ. ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ფესტივალში „ბროლოს ცერი“, რომელიც ჩატარდა საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების შემოქმედთა კავშირის მიერ. მთავარი პრიზი „ბროლის ცერი“ მიიღო ვ. ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის საქართველოს დამსახურებულმა პედაგოგმა ანი ფირცხალაიშვილმა, კლასიკური ცეკვის შემოქმედებაში მომავალი თაობის ესთეტიკურ აღზრდაში და მათ საშემსრულებლო დაოსტატებაში შეტანილი ღვაწლისათვის. სკოლის დირექტორს  ჯილდოდ და სამახსოვროდ გადაეცა პრიზი კლასიკური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის და ნიჭიერ მოზარდთა წარმოჩენისათვის.პედაგოგები დაჯილდოვდნენ ლაურიატის დიპლომებით საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის. ფესტივალში მონაწილე 29 მოსწავლე დაჯილდოვდა ლაურიატის დიპლომებით საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის და მათ გადაეცათ საქართველოს პროფკავშირული კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის სპეციალური ჟურნალი „ბროლის ცერი“. კლასიკური ცეკვის პედაგოგ ნატალია მარტიროსიანის  მოსწავლეები ანი ინაიშვილი, ქრისტინა კონცელიძე და პედაგოგ ანი ფირცხალაიშვილის მოსწავლე სალომე კავაზაშვილი დაჯილდოვდნენ საუკეთესო სოლო საშემსრულებლო ოსტატობისათვის.

2016 წლს ქალაქ ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლამ გამართა თავისი საანგარიშო -გამოსაშვები ტურნე  „ბალეტის საღამოები“: ქ. ქუთაისში, სადაც საქართველოს თეატრალური საზოგადოების ქუთაისი- იმერეთის ორგანიზაციის სახელით, თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ, სკოლას გადასცა სამახსოვრო სიმბოლური საჩუქარი. ქ. ახალციხეში  ქალაქის მერმა გ. კოპაძემ სკოლას გადასცა მადლობის სიგელი.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები