აჭარაში ტყის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელება იწყება
17 თებერვალი, 2023
სასტუმრო „რედისონში“, აჭარის სატყეო სააგენტომ წარადგინა პროექტი „ტყის მდგრადი მართვა აჭარაში“. შეხვედრას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქ. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი KfW-ს რეგიონული ოფისის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, WWF კავკასიის პროგრამის ოფისის რეგიონალური დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
აჭარის სატყეო სააგენტოს განვითარების პროექტის ბიუჯეტი 7 492 000 ევროს შეადგენს და მიზნად ისახავს, აჭარის სატყეო სააგენტოს, ტყის მართვის სრულყოფილ ორგანოდ გარდაქმნას, რომელიც განახორციელებს ტყის მდგრადი მართვის სრულ ციკლს, მათ შორის ტყის მოვლა-აღდგენას, კლიმატური ცვლილებების მიმართ ტყის მდგრადობის გაძლიერებას, ტყით სარგებლობის მდგრადი პრაქტიკის დანერგვას და საშეშე-სამასალე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფას.
პროექტი მიმდინარეობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ KfW-ს მეშვეობით თანადაფინანსებით. პროექტის საკონსულტაციო მომსახურებას ახორციელებს კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF კავკასიის პროგრამის ოფისს, WWF გერმანიასა და გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის სახელმწიფო სატყეო სააგენტო „HessenForst“-ს.
იხილეთ გალერეა