რეაბილიტაციისა და დამხმარე ტექნოლოგიების როლი ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში
17 იანვარი, 2023
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან ერთად, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში პრეზენტაციას და გამოფენას, სახელწოდებით ,,რეაბილიტაციისა და დამხმარე ტექნოლოგიების როლი ადამიანის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში“ დაესწრო.მიმდინარე წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაციის დაფინანსება დაიწყო, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება.პრეზენტაციაზე ნევროლოგებმა, ოკუპაციურმა თერაპევტებმა და დამხმარე ტექნოლოგიების სპეციალისტებმა წარმოადგინეს თემები - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების - ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობის, ასევე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციისა და დამხმარე საშუალებების შესახებ.,,დღეს კენ ვოლკერის განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი დავათვალიერეთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ნევროლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სამედიცინო რეაბილიტაცია, პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღება სწორედ ამ დაწესებულებაში შეეძლებათ. მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას 2016 წლიდან აფინანსებს. სამინისტროს მიერ ასევე ფინანსდება ბავშვთა სამედიცინო აბილიტაცია-რეაბილიტაცია. პროგრამების ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სამინისტროს ბიუჯეტიდან 4 მილიონ 852 200 ლარი გამოიყოფა”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დამხმარე საშუალებები, რომელთა მორგება დაინტერესებულ პირებს ადგილზევე შეეძლოთ, ასევე მიეღოთ კონსულტაცია შესაბამისი სპეციალისტებისგან.
იხილეთ გალერეა